Apr 23, 2011

მიმართვა /კახი /26/10/2007

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუცია,
მუხლი 48: ყველას აქვს სინდისის თავისუფლების უფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია:
მუხლი 9. 1.   ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელეგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელეგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში და საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას გამოამჟღავნოს მისი რელეგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით.

ყველას მოეხსენება, რომ დიდ საყდართან დაკავშირებული პრობლემები დღეს არ დაწყებულა. ისიც ცნობილია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ბოლო სამი-ოთხი წლის  განმავლობაში, არაერთხელ დაარღვია მართლმადიდებელი ქართველების უფლებები და უკვე რამოდენიმე წელია, კულტურის სამინისტროს ზოგიერთი ხელმძღვანელის მხარდაჭერით, ცდილობს წაგვართვას ქურმუხის დიდი საყდარი და იქ მუზეუმი გაგვიხსნას(!).

ეს ჩინოვნიკები, წლების განმავლობაში, არ ერიდებიან არც კონსტიტუციის, არც საერთაშორისო სამართალისა და არც სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ უხეშად გათელვას. ისინი ყველა ხერხით ცდილობენ არ დაუშვან ამ ფაქტების გახმაურება რადგან მათ, ჩვენი ზოგიერთი ინტელეგენტი ,,ლიდერებისაგან" განსხვავებით, კარგად იციან, რომ მათი მიზნების განხორციელება მხოლოდ ინფორმაციულ ვაკუუმში არის შესაძლებელი.  სეპარატიზმის დაბრალებით, აზერბაიჯანელი ხალხის სახელს უკან ამოფარებით ცდილობენ დაგვაშანტაჟონ და დააშინონ მოსახლეობა, რათა აქ მცხოვრებმა ქრისტრიანებმა საჯაროდ, მკაფიოდ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ეს ჩინოვნიკები განსაკუთრებით უფრთხოდნენ და უფრთხიან აზერბაიჯანული მედიისა და საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენებას და ცდილობენ არ დაუშვან ინფორმაციის გაჟონვა და ამ საინფორმაციო ვაკუუმის ფონზე ცდილობენ აჩვენონ თითქოსდა აქ მხოლოდ ერთ-ორი პროვოკატორია უკმაყოფილო და ქართველი ჟურნალისტები ქმნიან აჟიოტაჟს, თორემ მოსახლეობასა და ინტელეგენციას არანაირი პრობლემები არა აქვთ(!).
ეს კარგად ცნობილი, მოძველებული  ბოლშევიკური მეთოდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე მოვლენები მათი სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა და თუ ცალკეული ადამიანები  მაინც საჯაროდ გამოხატავდნენ პროტესტს, ავრცელებდნენ ჭორებს მათი პროვოკატორობისა და უგნურობის შესახებ და ,,გონიერი" ადამიანების მეშვეობით მოსახლეობაში ნერგავდნენ იმ აზრს რომ, ზომიერი გზით, ნელ-ნელა, თანდათან დაგვიბრუნებდნენ ეკლესიას (ფაქტიურად ეს ნიშნავდა, რომ ხმის ამოღება არ იყო საჭირო. საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტისათვის  სულ უბრალო განცხადების გაგზავნაც კი ექსტრემიზმია). ვის აწყობდა და აწყობს ეს? – პასაუხი ერთია - მხოლოდ და მხოლოდ მას, ვინც 21 საუკუნეში ცდილობს ფეხქვეშ გათელოს საყოველთაოდ აღიარებული სინდისის თავისუფლების ელემენტარული უფლებები და უნდა რომ ეს  ფაქტები ჭორისა და მითქმა-მოთქმის დონეზე დარჩეს).
სწორედ ამ ბოლშევიკური მეთოდით ექსტრემისტად შერაცხეს მამა იოანეც, რომელიც კახის ქრისტიანებში და არა მარტო ქრისტიანებში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი აქტიურად ცდილობდა წინ აღდგომოდა ხელისუფლების უკანონო ქმედებებს. იმ დროს რაიონის ე. წ. ხელმძღვანელობას ბევრად უფრო პროვოკაციული გამოხდომები ჰქონდა. აბა გავიხსენოთ ეკლესიის გუმბათზე ჯვრის აღმართვისათვის ხელის შეშლა, შემდეგ დიდი საყდრიდან წმ. გიორგის ხატის  ძალით გატანა, ეკლესიის კარებიდან ჯვრების ჩამოხსნა, სასანთლე ჯიხურისა და წყლის ავზის ჩამორთმევა (ეკლესიის ეს საკუთრება დღესაც ,,რაიკომის” ეზოშია). გავიხსენოთ ისიც, თუ რამდენჯერ დაიბარეს მამა იოანე და მოსთხოვეს გასაღების ჩაბარება. სწორედ მამაოს დამსახურებაა, არეულობა რომ არ მოხდა მაშინ. რაც სავსებით რეალური იყო. მამა იოანემ მართლაც პირნათლად და ღირსეულად შეასრულა, მართლმადიდებელთა სულიერი მამის მოვალეობა.  სწორედ ამის გამო დაიწყო მისი დისკრედიტაცია,  ცილისწამება და პატრიარქთან დასმენა (ვითომდაც ის თავისი დაუმორჩილებლობითა და არადიპლომატიური ქმედებებით ეკლესიის ინტერესებს ლახვადა(?!) თითქოს ის არა მრევლის წინამძღვარი, არამედ ნავთობით მოვაჭრე ფირმის დირექტორი ყოფილიყოს. განა მართლმადიდედბელი მოძღვრის “დიპლომატია” საკუთარი სულიერი შვილებზე ზრუნვა აღარ არის?)
მამა იოანესადმი ადგილობრივი ჩინოვნიკების დამოკიდებულება ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სირცხვილი იმ ქრისტიანებს, რომელნიც რაღაც საიდუმლო დავალებით, მის უწმინდესობას ცილისმწამებლურ წერილებს უგზავნიდნენ და ბოლოს და ბოლოს ჩინოვნიკ-პროვოკატორებმა აისრულეს წადილი. ადამიანურად ძალზე საწყენია ადამიანს, რომელმაც თავისი აქტიური მოღვაწეობით აგვარიდა არეულობას, სწორედ მრევლის წაქეზებაში დასწამეს ცილი. ისე კი ძალზე ბევრის მთქმელია ის ფაქტი, რომ მისი გადაყვანის შემდეგ, დღემდე  ერთი განცხადებაც კი  აღარ გაგზავნილა ცენტრალურ ხელსუფლებაში და უფრო მეტიც, დიდი საყდრის ხსენებაც კი პროვოკატორობად მოინათლა.
კულტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკები, სწორედ ზემოთ ხსენებილი უღირსი ხერხებით  ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ მათი პროვოკაციული, ანტიჰუმანური და ანტისახემწიფოებრივი მოქმედებები, ადგილობრივი ქრისტიანი მოქალაქეების მხრიდან არ ყოფილიყო საჯაროდ გაცხადებული. აწყობდათ არ ყოფილიყო საჯარო მოთხოვნები, საპროტესტო ხელმოწერები თუ მედიაში განცხადებების გაკეთება.
ფრიად სამწუხაროა, რომ მათ ანკესზე ნებსით თუ უნებლიედ, ზოგიერთი ჩვენი  ,,გონიერი” ადამიანებიც წამოეგნენ. რაზეა ლაპარაკი, როცა კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტისათვის მიმართვა და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ანტიკონსტიტუციური მოქმედებების საჯაროდ გაპროტესტება ამ “გონიერთა” მხრიდან შეფასებული იქნა პროვოკატორობად. დაუფიქრდით, ამ ადამიანებს ამ ხნის მანძილზე საჯაროდ არც ერთხელ არ გაუკრიტიკებიათ არც კულტურის სამინისტროს მესვეურები და არც ჩვენი რაიონის “რაიკომი”- აბას გეუშოვი, რომელიც ქრისტიანების საწინააღმდეგო მოქმედებების უშუალო შემსრულებელია და  მათი მართლაც და პროვოკაციული მოქმედებები საჯაროდ არ შეუფასებიათ.
ნუთუ ქვეყნის  კონსტიტუციის, ყველა საერთაშორისო ნორმებისა და კავკასიური ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა არ იყო და არ არის პროვკაცია და ამ დანაშაულებრივი ქმედებების  წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა, ან უბრალო გულშეწუხებული ხანში შესული მორწმუნე ქალების წუხილი კი პროვოკაციაა? ნუთუ ის გულწრფელად შეწუხებული ადამიანები, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე ვუკიჟინებდით, რომ მხოლოდ და მხოლოდ კვირაობით ქურმუხის ეკლესიაში სიარულითა და ეკლესიური ლოცვა-რიტუალის ტაქტიკად(?!) გამოყენების გზით დავიბრუნებდით დიდ საყდარს, უბრალო კითხვის დასმის  უფლებაც კი არა აქვთ? მათი კითხვა ხომ მხოლოდ ერთია - რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?. არ არის საჭირო ამ მორწმუნე ადამიანებთან გულადობა და თითს დაქნევა და მათი უფლებების შელახვა მათთვისვე გადაბრალება, არამედ საჭიროა რაიონის ხელმძღვანელობის აშკარა და დაუფარავი მხილება და მათ ამ ყოვლად ანტიჰუმანური და ანტიკონსტიტუციური მოქმედებების საჯაროდ დაგმობა. დღეს სავსებით ნათელია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ორი მხარე - ერთი რაიონის ქრისტიანები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ქვეყნის კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო ინტერესები და მეორე - ქვეყნის გარედან მართული, ანტისახემწიფოებრივი მიზნების ნებსით თუ უნებლიედ განმახორციებელი რაიონის ხელმძღვანელობა. ამიტომ დღეს ამ ადამიანების  კვლავ ჩრდილში დარჩენის მცდელობა, რომელთაც ლამისაა ერის მამობაზე აქვთ პრეტენზია,  აღარ გამოვა ან აქეთ, ან იქეთ!
ძალზე სამწუხაროა ასეთ ელემენტარულ რამეებზე რომ გვიხდება ამდენი საუბარი. ცალსახად ნათელია, რომ ის ჩინოვნიკები, რომელნიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ფაქტიურად აზერბაიჯანისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან და ასე თავხედურად, მოურიდებლად, მთელი მოძმე  აზერბაჯანელი ხალხისა და მსოფლიო თანამეგობრობის თვალწინ  ცდილობენ ჩვენთვის უდიდესი რელეგიური მადლისა და მნიშვნელობის მქონე ეკლესიის ჩამორთმევასა  და 21 საუკუნეში, დღისით-მზისით, ღვთის სახლში  მუზეუმის გახსნას,   ავანტიურისტები და სახელმწიფო დამნაშვეები არიან (შეგნებულად, დიახ შეგნებულად ირღვევა აზერბაიჯანის კონსტიტუციის II განყოფილების, III თავის, 48-ე მუხლი; ამავე განყოფილების 47-ე მუხლი; 46-ე მუხლის I და II-ე პუნქტები;აგრეთვე “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცი”-ის I ნაწილის მე-9 მუხლის 1 პუნქტი; ამავე კონვენციის I ნაწილის მე-17 მუხლი. აგრეთვე ”სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის II ნაწილის II მუხლის 1 პუნქტი. აგრეთვე “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცი”-ის მე-18 და მე-19 მუხლები).
ცალსახად ნათელია, რომ რაიონის ხელმძღვანელობასა და მათ მფარველებს მშვენივრად ესმით თუ რა უკანონობას აკეთებენ და სწორედ ამიტომაც ყველა ხერხით ცდილობენ არ დაუშვან, რომ მოსახლეობამ ხმა მიაწვდინოს ქვეყნის პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის საზოგადოებრიობას. ისიც ვიცით თუ რომელ ქვეყნებს  აწყობთ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის დაპირისპირება და ამ გზით ორივე ქვეყნის, როგორც საქართველოს ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასამარება.
ეს საქმე ისე გაიწელა, რომ ძალზე რეალურია მოვლენები უმართავი გახდეს. ამის ნიშნები უკვე არსებობს. როცა ჩვენი, რეგიონის  ქრისტიანების, კონსტიტუციურ უფლებების ასე უაპელაციოდ ხელყოფა ხდება და ჩვენი მხრიდან არ ხდება რეაგირება, სავსებით შესაძლებელია, სრულიად სხვა ძალები ჩაერთონ ამ საქმეში და მოვლენები, სრულიად სხვა მიმართულებით წარმართონ,
მიტომ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ საინგილოში მცხოვრებ ქართველებს არასოდეს გვიმოქმედია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ უდიდესი მოთმინება გამოვიჩინეთ თვით ისეთი პროვოკაციის დროსაც კი, როგორიცაა ხატისა და ჯვრების შეურაცხყოფა, არ მოგვიწყვია მასობრივი გამოსვლები, არ გაგვიმართავს საპროტესტო აქციები, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ, განსხვავებით ჩინოვნიკ-პროვოკატორებისაგან, კარგად გვესმოდა და გვესმის თუ საიდან მომდინარეობს ეს ავანტიურა, გვესმის თუ რა დამღუპველი იქნება როგორც აზერბაიჯანის ასევე საქართველოსათვის იმ სცენარის განხორციელება, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მოწინააღმდეგე ქვეყნებში დაიწერა.

 სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ორი წლის განმავლობაში ვცდილობდით როგორმე ხმა მიგვეწვდინა ორივე ქვეყნის პრეზიდენტებისათვის (2004-2005 წლებში მრავალჯერ მივმართეთ კულტურის სამინისტროს, ქვეყნის პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, კავკასიის მუსულმანთა ლიდერს, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს, სადაც ყველგან ხაზგასმული იყო, რომ ჩვენ არა თუ საპროტესტო აქციებისაგან, არამედ მკვეთრი განცხადებების გაკეთებისაგანაც კი თავს ვიკავებდით და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ვითხოვდით ამ ხელოვნურად შექმნილი პრობლემის სასწრაფოდ გადაწყვეტას), მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ ჩვენი ზომიერი პოზიციითა და ხშირ შემთხვევაში დუმილით ხელი შევუწყვეთ რაიონის ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. მათ შეექმნათ ილუზია, რომ ყველაფერი მათი სცენარით მიმდინარეობს და ასე თავხედურად და დაუსჯელად შეძლებდნენ ქრისტიანების დამცირებასა და ისეთი რამის განხორციელებას, რომელიც თვით ჯუნგლების ველურ ტომებშიც კი გაოცებას გამოიწვევდა.
ამავე დროს აუცილებელია  გავითავისოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ და ხმამაღლა განვაცხადოთ - ამ ანტიქართულ გამოხდომებში აზერბაიჯანელი ხალხი არაფერ შუაშია! პირიქით მათ წინააღმდეგ უფროა მიმართული ეს პროვოკაცია. განა ხელისუფლების ასეთი მოქმედება პირველ რიგში აზერბაიჯანელი ხალხის შეურაცხყოფა არ არის? ნუთუ აზერბაიჯანელი ხალხი თანახმა იქნება ჩვენს უდიდეს წმინდა  სალოცავში მუზეუმი გაიხსნას? ეს წარმოუდგენელია! ამიტომ საჭიროა რაიონის აზერბაიჯანელთა წარმომადგენლებთან შეხვედრები. მათთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ საქმეში ყველამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ამას არ ჭირდება რაღაც სპეციალური მომზადება, უბრალოდ საჭიროა დაველაპარაკოთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, მეგობრებს, მეზობლებს და საერთოდ უბრალო ნაცნობებს და ვთხოვოთ დახმარება, მივმართოთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა დიასპორას ვთხოვოთ დაგვიდგნენ გვერდზე და ერთად გადავწყვიტოთ ეს სამარცხვინო პრობლემა.
 აუცილებელია გავაგებინოთ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს, დედებსა და მამებს, რომ ხელისუფლებამ კედელთან  მიგვაყენა და არანაირ ალტერნატივას აღარ გვიტოვებს - ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი მფარველების აზრით, ჩვეს წინაპრებს  არც ერთი ეკლესია არ აუშენებიათ (?!), მათი ლოგიკით გამოდის, რომ ჩვენ ისტორიული წარსული არა გვქონია(?!!)  და შესაბამისად გამოდის, რომ არც მომავალი გვაქვს და ამდენად ისინი ფაქტიურად ასეთი ხერხით ერთ მუჭა ქართველებს მასობრივი დეპორტაციისაკენ გვიბიძგებენ. რა მოხდება თუ აქაური ქართველები, იძულებულნი გახდებიან მიმართონ ევროსაბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, დედა-წულიანად საქართველოში დეპორტაციის მოთხოვნით? (ღმერთმა დაგვიფაროს მოვლენების ასეთი განვითარებისაგან).
მთელმა აზერბაიჯანულმა საზოგადოებრიობამ უნდა შეიტყოს, რომ ის ბარბაროსობა, რაც კომუნისტებმა გააკეთეს ალავერდის ეკლესიასთან მიმართებაში, დიდ საყდართან მიმართებაში შეუძლებელია გამოვიდეს, რადგან დიდი საყდარი უდიდესი მნიშვნელობის რელეგიური ტაძარია. დიდი საყდარი ჩვენთვის იგივეა, რაც მაგალითად მაჰმადიანთათვის მექა. საუკუნების განმავლობაში ის ითვლებოდა და ითვლება თითეული აქაური ქრისტიანული ოჯახის უდიდეს მფარველად. ბევრი რამ დაგვითმია (თუნდაც ალავერდის ეკლესიის მაგალითი), მაგრამ დიდი საყდრის გარეშე ქართველი მართლმადიდებელები  აქ ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებთ. ამდენად ნურავინ ნუ იფიქრებს და ნუ იქნება ილუზიაში, რომ აქაც იგივე სქემა გაამართლებს. მათ გასაგონად მინდა ვთქვა ყველა ქრისტიანი ამ საკითხში ერთსულოვანია, ის ადამიანებიც კი, რომლებიც სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვის ლოიალურნი იყვნენ ხელისუფლებისა, რადგან მისი წართმევა ყველა ქრისტიანისათვის სიკვდილისა და ცოცხლად დასამარების  ტოლფასია.
დარწმუნებული ვარ ცოტახანში, ნაცადი ტაქტიკით, კვლავ  დაიწყება ლაპარაკი პარაკლისების განახლებაზე ან სხვა რამე “იდეას” შემოგვიგდებენ და  “გონიერი” ადამიანები კვლავ შეეცდებიან ხალხის ,,დაწყნარებას”, ჩემზეც იქნება ბევრი ცილისწამება, მაგრამ გთხოვთ აღარ ავყვეთ ამ საცდურს და ამას აღარ წამოვეგოთ და არ დავუშვათ, რომ ეს პრობლემა კვლავ გაიწელოს. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების, მხოლოდ და მხოლოდ ერთად-ერთი გზა არსებობს - ეს გზა ქვეყნის კონსტიტუციაა და ეს გზა დიდი საყდრის ამოქმედებაა.
 დღეს ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არა გავაქვს და  იძულებულნი ვართ, ყველა ევროპულ სახემწიფოების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის მიმართვების დაგზავნისათვის დავიწყოთ ზრუნვა და საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოებში  სარჩელის შეტანის მიზანშეწონილობაზეც ვიფიქროთ.   ეს სარჩელი უნდა შეეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ  ერთად-ერთ საკითს - შეწყდეს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა და ერთხელ და საბოლოოდ მოგვეცეს ქურმუხის დიდი  საყდრის ამოქმედების საშუალება !!!
ყველას უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით კი ეკლესიის აქტიურ მრევლს, სკოლისა და კულტდაწესებულების თანამშრომლებს, ახალგაზრდობას და საერთოდ ყველას, ქართველსაც და აზერბაიჯანელსაც:
არ ავყვეთ პროვოკაციებს, ჭორებსა და მითქმა-მოთქმებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ვიმოქმედოთ არა ემოციებით, არა ზურგს უკან ჩურჩულით, არა რაიონის რაიკომისა და პროვოკატორ-ჩინოვნიკების გამოგონილი კანონებით, არამედ სახელმწიფო კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად და ცალსახად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვგმობთ ამ უკანონობას. ჩვენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ და ჩვენ არ დავუშვებთ დიდი საყდრის შეურაცხყოფას!!!

ამდენად, ჩვენ მოუმზადაბელი და სპონტანური მიტინგები არ გვჭირდება, დღეს 21 საუკუნეა და არსებობს ისეთი მძლავრი საშუალებები, როგორიცაა კონსტიტუცია, სასამართლო, პრესა და ტელევიზია, საერთაშორისო სტრუქტურები და საჭიროა ინფორმაციის გავრცელება ყველა მიმართულებით. მხოლოდ ერთობა და გააზრებული მოქმედებაა საჭირო და ადამიანების “გონიერებად” და “უგნურებად”,  მრევლად და არა მრევლად დაყოფის მახინჯი მცდელობის აღკვეთა.

ჩვენ, 10.000 მართლმადიდებელი ქრისტიანები- უკლებლივ ყველა, დიდი საყდრის შვილები ვართ და ის ჩვენი დედაა! ჩვენ  აბსოლუტურად გონიერები ვართ, უგნურები ისინი არიან, რომელნიც უკვე ოთხი წელია კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავენ და როგორც ჩვენ ასევე სახელმწიფოსაც უქმნიან უდიდეს  პრობლემებს. უგნურები არიან აგრეთვე ის ჩვენი ძმები და დები, რომლებიც დღესაც კი ბუჩქებში დამალვას ცდილობენ!

ზემოთ აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით  აუცილებელია:

1. სასწრაფოდ  მოვიწვიოთ რაიონში მცხოვრებ ქართველთა კრება, გავაანალიზოთ მდგომარეობა. დავსახოთ მოქმედებების გზები.

2. გავერთიანდეთ აზერბაიჯანის კონსტიტუციის ირგვლივ და  შევქმნათ დროებითი გაერთიანება სახელწოდებით ,,გაერთიანება 48-ე მუხლი”, რომელიც იმოქმედებს მანამ, სანამ არ ამოქმედდება ქურმუხის დიდი საყდარი.

3. მივიღოთ კიდევ ერთი მიმართვა ან ღია წერილი აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებისადმი. კიდევ ერთხელ ვაცნობოთ მათ ადგილობრივი ხელისუფლების პროვოკაციისა და უკანონო მოქმედებების  შესახებ.

4. დავუგზავნოთ მიმართვები აზერბაიჯანის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, პრესას, ტელევიზიებს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების საელჩოებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს; ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.

5. დავიწყოთ მზადება კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში, აგრეთვე სტრასბურგის  სასამართლოში სარჩელის შესატანად.


ეს ყველაფერი ძალზე მოკლე დროში უნდა განხორციელდეს და აქტიური მოქმედებებია საჭირო. გთხოვთ ყველა ადამიანს, გავერთიანდეთ და დავიწყოთ ამ ხელოვნურად შექმნილი პრობლემის გადაწყვეტაზე ზრუნვა.
და ბოლოს, მინდა შენდობა ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა რაღაცით განაწყენდნენ ჩემზე და შესაძლოა რაღაც არ მოეწონოთ ამ წერილში. მე კარგად მესმის სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისა და არავის არ ვუპირისპირდები, მითუმეტეს დღეს, პირიქით, მზად ვარ ყველა მათგანს საჯაროდ მოვუხადო ბოდიში, თუ ისინი ჩათვლიან, რომ შეურაცხყოფილნი არიან ჩემგან.
მესმის, რომ  ყველა ვერ იქნება აქტიური,  მაგრამ კონსტიტუციის დარღვევა ხომ დანაშაულია და მხოლოდ ერთსა გთხოვთ - ნუ შეუშინდებით ამ დამნაშავეებს და ნუ იქნებით ამ გაუგონარი დანაშაულის მონაწილენი. პირიქით, ეს მათ უნდა ეშინოდეთ! ისინი ცდილობენ ორ მოძმე ერს შორის შუღლის ჩამოგდებას და ნებსით თუ უნებლიედ აზერბაიჯანის ტერიტორიების ხელმყოფი ქვეყნის ინტერესებს იცავენ.
 თქვენ ვერავინ ვერ დაგითხოვთ სამსახურიდან. თქვენი დუმულით კი, ათასი ჯურის პროვოკატორები ისარგებლებენ და შეცდებიან სიტუაციის უფრო დაძაბვას, რადგან შესაძლოა მათ ზურგს რუსეთისა და სომხეთის სპეცსამსახურები უმაგრებდნენ, განზე გადგომით პრობლემებს ვერ გავექცევით. ნუთუ დიდი საყდრის მადლი 40, თუნდაც 40.000 შირვანზე გაიცვლება?
 საოცარია!  მსოფლიოში არ არსებობს ხალხი, რომელსაც დღეს 21-ე საუკუნეში ეროვნებისა და რჯულის შენარჩუნება პრობლემად ჰქონდეს გამხდარი. ასეთი, მართლაც და სავალალო მდგომარეობის მქონე ქართველი ხალხის ნაწილს, შეუძლია კი იფიქროს თავისი შვილების მომავალზე? შემაძრწუნებელია ეს ყველაფერი.
კიდევ ერთხელ მუხლმოყრით, უმორჩილესად მინდა შენდობა ვთხოვო ყველას და მოვუწოდო - სანამ ურემი გადაბრუნებულა, დროებით მაინც, შევეშვათ ერთმანეთზე ჭორაობასა და ხმების დაყრას, დავივიწყოთ ყველაფერი და გვახსოვდეს მხოლოდ დიდი საყდარი, რადგან დიდი საყდარის, ანუ ჩვენი ბედი სასწორზეა დადებული! გავიმეორებ, დღეს შუა პოზიცია არ არსებობს - ან კონსტიტუციის ხელმყოფ პროვოკატორ-ჩინოვნიკების ან ქრისტეს მხარე!

                                           ღმერთო შენ გვიშველ
                  
          მალხაზ ნუროშვილი
29.10.2007

No comments:

Post a Comment