Apr 13, 2011

ხალხური რეწვა (საინგილო)

   ეძღვნება იმ ქალების ხსოვნას, რომლებმაც არა მარტო შეინარჩუნეს ეს ხელსაქმე, არამედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საინგილოში ქართველობისა და ქრისტიანობის გადარჩენაში უმთავრესი როლი სწორედ ამ ინგილო ქალებმა შეასრულეს.


ინგილო ქალის წინდ

პატარა ქალას ცრემლი სდის,
თინა ხუციშვილი (ბაბაჯანაშვილისა)
სადღესასწაულო სამოსში,  
დაახ. გასული საუკუნის 
20–იანი წლები
თითებ დაჩხვლიტეს ჩხირებმა,
საქმრომ უგზავნა ბაწარი,
ბოხჩა აავსეს წინდებმა...
შაქნა თორმეტი ხურჯინი,
ათი ჯეჯიმიც ამატა,
სადედამთილოს__ტოლაღი:
,,თვალი არ დამდვას ავადა!”
ეს კი, საქმროსა ვაჟკაცსა,
ქორს რომ მიუგავს თვალები,
ნაზი ხელებით შაქნილი
ჭრელი ქალამნის ბაღები...
ეს ბოლო წყვილი წინდაი
ლურჯი და იისფერ;ია,
შიდ ჩაატანა სახეი
ჯვარი ოქროსა ფერია!
,,-ვისია ქალავ ეგ წინდა?
ნაქარგი, ნაფერებია?”
,,_ჩემია, ჩემთვის შავქენი
იმ ქვეყნას წასაღებია!”

ხათუნა შავგულიძე
14/03/10 ლონდონი

ხურჯინი თამრიკო
ბაჩალიაშვილის ოჯახიდან
  
საინგილოში წინდების ქსოვის ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქსოვა საინგილოს საოჯახო ყოფის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი იყო. აქ ოდითგან იქსოვებოდა ჯეჯიმები, ხურჯინები, აბგები [პატარა ხურჯინები], წინდები, ქალამანისა და ტანისამოსის სხვადასხვა შესაწყობ-შესაკრავები.

ქართულ ოჯახში ყველა ქალისათვის სავალდებულო იყო ქსოვის ცოდნა. ტრადიციულად, საპატარძლოს ოჯახს, საქმროს ოჯახიდან უგზავნიდენ ქსოვისათვის საჭირო მასალას და გოგონა, რომელიც იმ მომენტისათვის თერთმეტი-თორმეტი წლის ბავშვი იყო, ვალდებული იყო მოექსოვა 8-10 ჯეჯიმი, 6-8 აბგა-ხურჯინი, წინდები საქმროს ოჯახის ყველა წევრისათვის, მამაკაცებისათვის წინდებთან ერთად ქალამნის ბაღები [ერთგვარი შესაკრავი საბელი], ქალებისათვის ახალუხის ტოლაღები და ა. შ. დანიშნული გოგონას გათხოვება, მხოლოდ ამ სავალდებულო სამუშაოს დასრულების შემდეგ იყო შესაძლებელი. ამ ყველაფერს ორი-სმი წელიწადი სჭირდებოდა [გარდა მზითის გამზადებისა, ამ ტრადიციით, გასათხოვებლი ქალიშვილის ბიოლოგიური მზადყოფნაც დასტურდებოდა].

სწორედ ამ საინტერესო ტრადიციამ განაპირობა ის, რომ XX საუკუნის სამოციან წლებამდე აბსოლუტურად ყველა ქალმა [დიდმა თუ პატარამ] იცოდა წინდების ქსოვა. უკანასკნელ დრომდე აუცილებელი იყო, ყველა ქალს თავისი მოქსოვილი ერთი წყვილი წინდა მაინც უნდა შეენახა კუბოში ჩასაყოლებლად.

ჩვენებური წინდები უნიკალურია ფორმის მრავალფეროვნებით, ორნამენტთა სიუხვითა და ფერთა შეხამებით. საინგილოში ქსოვას „შაქნა“-ს ეძახიან [შაქნაი-ე.ი. შექმნა. არა „მოქსოვნაი“, არამედ სწორედ წინდების შექმნა], წინდის ძაფს-„ბაწარს“, ორნამენტებს-„სახეი“-ს.

კახის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბდა ქსოვის ორი სკოლა-- კაკური [აქ შედის ს. ალათემური, ქოთოქლო, მეშაბაში და სახვა] და ალიბეგლოური [მხოლოდ ს. ალიბეგლო].

კახისა და ალიბეგლოს წინდები, ძირითადად ფერთაწყობისა და ფერთა შეხამებით განსხვავდებიან. არის განსხვავებული სახეებიც, რომელიც მხოლოდ კახში ან ალიბეგლოში იქსოვება.

რაც შეეხება ზ;აქათალა-ბელაქნის მაჰმადიან ქართველთა წინდებს, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით იქაური წინდების გადაღება და მათი ასლების შეგროვება დღემდე ვერ მოვახერხე (არა და რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები წინდები რჩება და ბევრი უნიკალური სახეები იკარგება)

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩვენთან ორნამენტს-სახეს უწოდებენ. სახეების მიხედვით წინდებს შესაბამისი სახელები გააჩნიათ, მაგალითად: „ასოევიან წიგნი“ სახეი; „ვარდი ფოთოლა“~ სახეი; „კუკური“~ სახეი (კუკური~-კვირტი)]; „ირმევიან“~ სახეი; „მარწყი“~ (მარწყვი] სახეი); „მასკულაი~ სახეი (ვარსკვლავი); „პეპელაი“~ სახეი;

„ჟიჟიმი“~ სახეი; „სავარცხლი“~ სახეი; „ფურცლი“~ სახეი; „ქათმიჭკილაი“~ სახეი (ქათმის ფრჩხილა)]; „ცხენი“~ სახეი; „ჩიტევიან წინდაი“; `ჟვრიან წინდაი“; „ჟვარ-ჟვარ წინდაი“; „ბულიევიან წინდაი“ [იხვის მაგვარი)]; „კბილევიან წინდაი“; „ფანჩხლიან წიგნი“~ სახეი (ზიგზაგისებრი)]; „კაპაჭრელა წინდაი“ (ეს არ ვიცი რას ნიშნავს შეიძლება–კაბაჭრელა).

აგრეთვე არსებობს „ამნაყარ“-ი წინდები (ე.ი. ამოყრილი. ს. ალიბეგლო). შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით რთული და ძალზე ლამაზი] და „შიბიან“-ი და „უშიბო“ წინდები („შიბი“~ერთგვარი ვიწრო ზოლია, ამოყრის ტექნიკით შესრულებული, კახი).

ჯეჯიმები („ჟიჟმები”), რომელნიც უკვე დიდიხანია აღარ იქსოვება) იქსოვებოდა `ხამლით~, საქსოვზე და შემდეგ ნაქსოვს ნაბადზე აკრავდნენ, იყო შემდეგნაირი:

„ექვს ჭრელიანი“~; „კიდბანა ჭრელა“~(„კიდბანი“~კიდობანი); „კიჭკიჭაი“~ („კიჭ“~ს ვუძახით ნიორს რომ ააქვს ნაწილები იმას.);„წონე თახტაი“~(„წონე“~მწვანე, „თახტა“~ფიცარი); „თეთრ თახტაი“~ და ა.შ. სამწუხაროდ, ეს უაღრესად საინტერესო ფენომენი (არა მარტო უშუალოდ ქსოვის ხელოვნების, არამედ აქაურ ქართველთა ისტორიისა და წარსულის შესწავლის თვალსაზრისითაც], სრულიად შეუსწავლელია. არასოდეს არ მომხდარა არა მარტო მაჰმადიან, არამედ კახის რაიონის ქართველთა წინდების სერიოზული შესწავლა-შედარება. არადა შესაძლოა უახლოეს მომავალში არც ერთი მქსოველი და შესაბამისად არც ერთი სახე აღარ შემორჩეს (ჯეჯიმები არამარტო აღარ იქსოვება, არამედ თვით ნიმუშებიც კი სრულიად დაიკარგა და დღეს თითო-ოროლა თუ შეიძლება მოიძებნოს).

სწორედ ამიტომ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ვაგროვებდი სხვა და სხვა წინდების სახეების ფოტოებს და დღესაც ვაგრძელებ ამ საქმეს. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენებური წინდები მართლაც უნიკალურია. ჩვენ მართლაც უნდა ვამაყობდეთ ჩვენი წინაპრებით და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ ამ ხელობის აღორძინება.

ამავე დროს, აუცილებელია ამ სახეების შესწავლა (უდავოა, რომ ისინი მრავალ საყურადღებო ინფორმაციას შეიცავენ), საქართველოს სხვა კუთხეების ორნამენტებთან შედარება და ა.შ. ისე კი აქ წარმოდგენილი წინდების უმეტესობაში სხვა და სხვა ვარიაციით ჯვრის სახეებია გამოყენებული. ერთი შეხედვითაც კი ნათელია, რომ წინდების ქსოვა, ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიან ორგანიზმს მოწყვეტილ საინგილოში მხოლოდ ქსოვა აღარ იყო და ერთგვარ ქრისტიანულ რიტუალს წარმოადგენდა და ეს ქალები ქრისტიანული ორნამენტების წინდებსა თუ ჯეჯიმებში ჩაწვნვნა–ჩაქსოვით ქრისტიანობას აღიარებდნენ და ამას ჩაქსოვილი ჯვრებით ადასტურებდნენ.

* ზემოთ დასახელებული წინდებისა და ჯეჯიმების სახეების სახელწოდებები აღებული მაქვს რ. ღამბაშიძის ,,ქართული ენის ინგილოური კილოს ლეკსიკონი”-დან (გამომც. ,,განათლება”, თბილისი--1988)

13/04/2011
მალხაზ ნუროშვილი /კახი


No comments:

Post a Comment