დადაშის ახდა |
ფოტოები გადაღებულია ზაური ბაირამაშვილის ოჯახში(კახი, „თიზირი“, მთისძირი უბანია კახში), აღდგომა დღის დადაშაზე ჩვენებურად „გასხლინევი დადაშაი“ დღეობაზე (აღდგომას ინგილოურად „გასხლინება“ ჰქვია (მარხვის დასასრული, ხსნილი–––სხნილი–––სხლინი აქედან გასხლინევაი ანუ გახსნილობა)
დადაშა უბრალო ზედაშე არ არის. აქ ჩვენთან დადაშაში ღვინის ჩასხმა, მარხვის დასასრულამდე ,,გასხლინებისათვის”ლოდინი და შემდეგ ,,გასხლინებისას” მისი ახდა, დიდ რიტუალს წარმოადგენდა და ეს ერთჯერადი აქტი არ იყო მხოლოდ. ყველა
მეზობელმა და ახლობელმა იცოდა, რომელ გვარს (ოჯახს), რომელი წმინდანის დადაშა ჰქონდა და ,,გასხლინებისას” ყველა იქ შეიკრიბებოდა ხოლმე, ხონჩაზე დაალაგებდნენ წითელ კვერცხებს (აღდგომისას), საჭმელებს, ხილს, დაანთებდნენ სანთლებს,დაკლავდნენ შესაწირ „მამალ–ვარიაი“–ს და მხოლოდ ამის შემდეგ ახდიდნენ ქვევრს (სხვათაშორის მამალ–ვარიას რომ შესწირავდნენ, დაკლული შესაწირის სისხლით, ბამშვებს, ხშირად უფროსებსაც შუბლზე ჯვარს უკეთებდნენ ხოლმე).
აი დღესაც მთელმა სანათესაომ და მეგობრებმა იციან, თუ ვის რა დღეობისათვის, რა დადაშა აქვს შენახული. მოუთმენლად ელოდებიან და ,,გასხლინებისას”, დღესასწაულის აღსანიშნავად, ყველა სიხარულით მიდის იმ ოჯახში (სამწუხაროდ, დღეს უკვე უფრო მეტად საქეიფოდ, თუმცა ხონჩებისა და სანთლების გარეშე მას ვერაავინ ვერ შეეხება დღესაც!)
საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით ეს ტრადიცია ჩვენთან მყარად არის შენარჩუნებული.
ადრე საინგილოში ერთი საინტერესო ტრადიცია იცოდნენ-- ბუნების მოვლენებისა და სხვა და სხვა ფრინველ-ცხოველთა ,,დახეჩვა" (პირველად დანახვისა და შესწრებისას) მათი ,,დახეჩვა" (დაძლევა, გამარჯვება), მათ შორის იყო ,,გასხლინებასთან"ანუ აღდგომა დღესთან დაკავშირებული ერთგვარი რიტული--,,ლეკის დახეჩვა".
ამის შესახებ მ. ჯანაშვილი წერს:...ლეკის დასაძლევად აღდგომის საღამოს ღორის ხორცი უნდა დაჰღეჭო და გადააფურთხო. ღორის ხორცის დაუღეჭავი რომ ლეკმა გნახოს, დაძლეული ხარ. ხორცის დამღეჭავები ლეკს რომ პირველად დაინახავენ, მიაძახებენ: ,,ლეკო დაგხეჩ!" (მ. ჯანაშვილი საინგილო, თბილისი,1910, გვ.125)
[სიტყვა ,,დაგხეჩ"-ში ბგერა ,,ხ"-ს მაგიერ უნდა იყოს ძველი ქართული ბგერა, სიტყვა ხევი ძველ ქართულად რომ ითქმებოდა ის ბგერა]


No comments:
Post a Comment