Nov 7, 2011

რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა და მისი შედეგების მოკლე ისტორიული მიმოხილვა (1491-1783 წლები)


მიხეილ მჭედლიშვილი
მიხეილ მჭედლიშვილი
 ნაწილი პირველი 
მას შემდეგ, რაც საქართველოს დასავლეთიდან კულტურული ბიზანტიის ნაცვლად ველური თურქეთის სახელმწიფო გაუმეზობლდა, საქართველო უდიდესი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ თურქეთი, და მეორეს მხრივ ირანი სიკვდილის აჩრდილებივით აღიმართნენ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კი ორი მხრით მოზღვავებულ მტერს დაშლილი და გათიშული დახვდა.

მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა ერთის მხრივ გაერთიანებული საქართველოს დაშლა რამდენიმე 
სამეფო-სამთავროდ, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩამოყალიბება მძლავრ ცენტრალიზებულ სახელმწიფოებად.

1480 წელს რუსეთმა გაინთავისუფლა რა თავი მონღოლთა ბატონობისაგან, იგი თვით გადაიქცა უდიდეს აგრესორად. რუსეთის სახელმწიფომ მიზნად დაისახა მსოფლიო იმპერიის დაარსება მოსკოვის მეთაურობით. რუსთა მსოფლიო იმპერიის შექმნის იდეა პირველად ბერმა ფილიფეიმ წამოაყენა. იგი ვასილ III-ისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: „მოსკოვი, დიდი მსოფლიო ქალაქების – ძველი რომისა და მეორე რომის – კონსტანტინოპოლის მემკვიდრეა, – მოსკოვი მესამე რომია, მეოთხე რომი კი არ იქნება“.

თათართა დამარცხებამ და ქრისტესმოყვარე რუსეთის გაძლიერებამ დიდი სიხარული გამოიწვია საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩაიშალა რომის პაპის ცდა თურქეთის წინააღმდეგ კოალიციის მოწყობისა, საქართველოს მეფე-მთავრებმა თვალი რუსეთს მიაპყრეს. ისინი რუსეთისაგან, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანებისაგან, უანგარო დახმარებას მოელოდნენ.

ყველაზე ადრე რუსეთთან ურთიერთობა კახეთის სამეფომ დაამყარა, რამდენადაც იგი უფრო ახლო იყო იმ გზებთან, რომლითაც მაშინ საქართველო ჩრდილოეთს უკავშირდებოდა.

1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრემ ელჩები გააგზავნა მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-სთან მოსალაპარაკებლად. ეს იყო რუსეთსაქართველოს პირველი დიპლომატიური ურთიერთობა… ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც კახეთის, ასევე საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროების დაახლოება რუსეთთან. რუსეთი კი თანდათანობით ძლიერდებოდა დაპყრობილ ხალხთა ხარჯზე და ნელა, მაგრამ მტკიცედ მოიწევდა სამხრეთისაკენ. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთაგან პირველი ყველაზე დიდი დამპყრობელი ივანე მრისხანე იყო. იგი აგრესიულ ომებს ეწეოდა ერთის მხრივ ბალტიისპირეთის, ხოლო მეორეს მხრივ ვოლგისპირეთისა და დასავლეთ ციმბირის ხელში ჩასაგდებად. როცა მან ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიმორჩილა და ამრიგად ვოლგა-ასტრახანის [27] გზაზე გაბატონდა, ამის შემდეგ იგი კავკასიას მოადგა. რუსეთის მეფემ, კავკასიის ხელში ადვილად ჩაგდების მიზნით, გადაწყვიტა გამოეყენებინა იქ მცხოვრები ქრისტიანები. ამ მიზნით, იგი კახეთის მეფე ლევანს დაუკავშირდა და „მფარველობა“ შესთავაზა. ლევანმა სიამოვნებით მიიღო იგი.

 ივანე მრისხანემ 1564 წელს მდ. თერგისა და სუნჯის შესართავთან ციხე-სიმაგრე ააგო და შიგ ჯარი ჩააყენა. მე-16 საუკუნისათვის რუსეთმა უკვე თავის ბატონობას დაუმორჩილა ყაზანელი და ასტრახანელი თათრები, – აგრეთვე ბაშკირები, ჩუვაშები, მორდოველები, მარელები, უდმურტები და დასავლეთ ციმბირის ხალხები.

ირანი და თურქეთი შიშით ადევნებდნენ თვალს რუსეთის გაძლიერებას და მის აგრესიულ სვლას სამხრეთისაკენ. ცხადია, ისინი კარგად ხედავდნენ იმ დიპლომატიურ ძაფებსაც, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის იბმებოდა.

1501 წელს ირანის შაჰი ისმაილი პირობით შეეკრა თურქეთის სულთანს, რომ საშიშროების თავიდან ასაცილებლად გაეწყვიტათ მთელი საქართველო. „შაჰ ისმაილი აფრთხილებდა სელიმს, რომ საქრისტიანო საქართველოსაგან ცუდი ბოლო მოელის სამაჰმადიანო ოსმალეთსაც და სპარსეთსაცო“ (ს. ფურცელაძე, გ. სააკაძე და მისი დრო, გვ. 53).

 კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებით შეშფოთებულმა თურქეთმა გადამწყვეტ ღონისძიებას მიმართა. მან ომის მუქარით აიძულა რუსეთი გაეყვანა ჯარები თერგის ციხიდან.

ამრიგად, საქართველო სამი მხრიდან, სამი ძლიერი აგრესორის პირისპირ აღმოჩნდა. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ საქართველოს მაშინდელი და შემდეგდროინდელი მესვეურებიც, მათგან მხოლოდ ორს ხედავდნენ. მესამე კი, ყველაზე ულმობელი აგრესორი ძმად და მფარველად ეჩვენებოდათ. მათ სრულიადაც ვერ წარმოედგინათ, რომ სწორედ მესამე, მოყვრის ნიღბით მოვლენილი მტერი მოინელებდა საქართველოს. სამეფო-სამთავროთა შორის ატეხილი ბრძოლით და გარეშე მტერთა შემოსევის შედეგად დაუძლურებული საქართველო ხსნას რუსეთთან კავშირში ხედავდა. რუსეთს კი, როგორც ვთქვით, დასახული ჰქონდა მიზნად კავკასიის ხელში ჩაგდება. იგი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ადგილობრივი ელემენტების გამოყენებით ცდილობდა. ამ შემთხვევაში მისთვის საუკეთესო დასაყრდენს საქართველო წარმოადგენდა.

რუსეთის ცბიერი პოლიტიკა თავიდანვე აგებული იყო ქართველთა გულუბრყვილობაზე, მათს მხურვალე სარწმუნოებრივ გრძნობაზე. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა იცოდნენ რა საქართველოს გაჭირვებული მდგომარეობა, ისე წარმოუდგინეს ქართველებს საქმის ვითარება, რომ თითქოს რუსეთის ერთადერთი მიზანი ქრისტიანი ქართველების შველა ყოფილიყოს. ამ მოჩვენებითი თანაგრძნობით, 1585 წელს რუსეთის მთავრობამ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს „მფარველობა“ შესთავაზა.

ცხადია, ალექსანდრემ სიამოვნებით მიიღო „ღვთით მოვლენილი [28] მფარველის“ წინდადება. 1587 წელს მეფე ალექსანდრემ რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო. 1589 წელს კი რუსეთის მეფემ ალექსანდრეს წყალობის სიგელი გამოუგზავნა. კახეთის მაგალითით რუსეთს დაუკავშირდა აგრეთვე ქართლის მეფე გიორგი X. „რუსეთთან დაახლოების გამო კახეთის მეფე განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობაში მოექცა: ერთი მხრით, მას მოსკოვთან კავშირისა და ოსმალეთის „ორგულობისათვის“ სულტანი ემუქრებოდა. მეორე მხრით, ირანის შაჰიც „მოღალატედ“ სთვლიდა ალექსანდრე მეფეს. ამავე დროს ხელშესახები რამ სანუგეშო კახეთისათვის მოსკოვის მეფესთან კავშირს არ მოჰყოლია“ (საქ. ისტ. 1948 წ., გვ. 326).

სწორედ ამ ხანებში ირანში შაჰის ტახტი დაიკავა აბას მირზამ (შაჰ-აბასმა), კიროსის შემდეგ ირანის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ. ამ კაცის სახელი განუყრელადაა დაკავშირებული ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიასთან, ვინაიდან რუსული ორიენტაციით გამოწვეული პირველი და ყველაზე ტრაგიკული შედეგი სწორედ შაჰ-აბასის შემოსევა იყო. ტახტზე ასვლისთანავე შაჰ-აბასმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუსეთ-საქართველოს შორის გაჩაღებულ დიპლომატიურ ურთიერთობას. მან სწორად შეაფასა სპარსეთისათვის მოსალოდნელი საფრთხე, თუ რუსეთი კავკასიაში დამკვიდრდებოდა. ამიტომ შაჰ-აბასმა პირველ ხანებში საფრთხის თავიდან ასაცილებლად სცადა მოესპო ის პირები, რომელთა მეშვეობითაც საქართველო რუსეთს უკავშირდებოდა. საკუთარი შვილის ხელით მან 1605 წელს სიცოცხლეს გამოასალმა რუსული ორიენტაციის მომხრე, კახთა მეფე ალექსანდრე II. ნელმოქმედი საწამლავით მოუღო ბოლო აგრეთვე რუსეთის მოტრფიალე ქართლის მეფე გიორგი X-ს. მაგრამ აღნიშნულმა ღონისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. ალექსანდრეს შემდეგ ტახტს იკავებს მისი შვილიშვილი თეიმურაზ I, ხოლო ქართლში გამეფდება ლუარსაბ II, რომლებიც კვლავ რუსულ ორიენტაციას მიჰყვებიან.

 შაჰ-აბასმა კიდევ ერთი ღონისძიება იხმარა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოსაშორებლად. მან ქართლ-კახეთის მეფეებთან ნათესაური კავშირის დამყარებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება. ამ მიზნით, ის ცოლად ირთავს ჯერ ლუარსაბ მეფის დას ლელას, შემდეგ კი – თეიმურაზ I-ის დას. ხოლო თვით თეიმურაზს აიძულებს ცოლად შეირთოს ლუარსაბის და ხორეშანი. მაგრამ ვერც ამ ღონისძიებით აღწევს შედეგს. მაშინ შაჰ-აბასი გადაწყვეტს მუხანათური გზით მოუღოს ბოლო რუსთმოყვარე მეფეებს. ამ მიზნით იგი წერილს სწერს ყაზახის ხანს, რომ მოკლას ქართლის მეფე ლუარსაბი, იმავდროულად, მსგავსი შინაარსის წერილს უგზავნის ლუარსაბსაც. მაგრამ ლუარსაბი დაასწრებს ყაზახის ხანს და მოჰკლავს მას.

რაკი ლუარსაბი გადარჩა, შაჰ-აბასი ახლა საიდუმლო წერილს უგზავნის თეიმურაზს და ატყობინებს, რომ ლუარსაბს გადაწყვეტილი აქვს შენი სიკვდილი და ამ გზით შენი სამეფოს დაჭერაო, – ამიტომო, სწერს იგი [29] თეიმურაზს, დაასწარი და შენ მოჰკალი ლუარსაბი და მის სამეფოს შენ მოგცემო. ასეთივე შინაარსის წერილი მან ლუარსაბსაც გაუგზავნა. შაჰაბასი მასაც აფრთხილებს, რომ თეიმურაზს შენი სიკვდილი უნდა და ურჩევს, რომ შენ დაასწარი მას, მოკალ იგი და კახეთს შენ მოგცემო. მაგრამ ისინი არ წამოეგნენ შაჰ-აბასის დაგებულ ანკესს. კარისკაცთა რჩევით მათ წერილების შინაარსი ურთიერთს გააცნეს, რითაც გამომჟღავნდა შაჰ-აბასის მზაკვრობა.

შაჰ-აბასის ამ განზრახვის ჩაშლის შემდეგ ყველა გზა უკვე ამოწურული იყო რუსეთისაგან საქართველოს ჩამოცილებისა. პირიქით, რაც დრო გადის, ქართლ-კახეთის მეფეები (განსაკუთრებით თეიმურაზ I) კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან რუსეთს. „ამის უკან, რის მომლოდინე უნდა ყოფილიყო ყოველი გონივრული ხელმწიფე სპარსეთისა საქართველოსაგან?! რა ღონისძიებაღა დარჩენილიყო, რომ სპარსეთი ასცდენოდა იმ საშინელს მომავალს, რომელიც მოელოდა ამგვარი მძლავრი სახელმწიფოს დამეზობლებით? ერთადერთი ღონე იყო… ან მოსპობა ქართველთ სახელისა, ან გაწირვა სპარსთა საბოლოვოსი. რაღა თქმა უნდა, როდესაც სხვა მეცადინეობა არ გაუვიდა, აბასმა არჩია, თავის სახელმწიფოს დაღუპვას, ბოლოს მოღება საქართველოსი. ამას არა ჰხედავდნენ დღევანდლამდისაც ჩვენი მემატიანე და მწერალნი, რომელთაც ყველა უბედურებაში ხელი ჩამოაწმინდეს სააკაძეს“ (ს. ფურცელაძე, სააკაძე და მისი დრო, გვ. 56-57).

უნდა ითქვას, რომ „იმ გზას, რომელსაც დაადგნენ მეფენი კახთა მეფის ალექსანდრე მეორიდან დაწყობილი, ვიდრემ თეიმურაზისა და ლუარსაბამდის, სააკაძე არა ჰხედავდა საქართველოსათვის საკეთილოდ“ (იქვე, გვ. 92).

 ჩვენ აღარ შევუდგებით იმ უბედურებათა აღწერას, რაც კახეთს დააწია შაჰ-აბასმა რუსეთთან დაკავშირების გულისათვის. ეს თითქმის ყველასათვის ცნობილია. რაც შეეხება რუსეთის „დახმარებას“ საქართველოს მიმართ, იმაში გამოიხატა, რომ მოციქულები გააგზავნეს ირანში შაჰ-აბასთან თხოვნით – ლუარსაბ მეფის, თეიმურაზის დედისა და შვილების ტყვეობიდან გასანთავისუფლებლად. შაჰ-აბასი ისედაც შეშფოთებული იყო საქართველოში რუსეთის დამკვიდრების საშიშროებით, და, ახლა რუსთა მოციქულების აშკარა გამოსვლამ ქართველთა „მფარველის“ როლში, მთლად გააცოფა იგი: „ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი შაჰ-აბასის მიერ ლუარსაბისა და ქეთევანის მოკვლისა“ (იქვე, გვ. 66).

 განა ცხადი არ არის, რომ, თუ მაშინ საქართველო არ დაუკავშირდებოდა რუსეთს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებდა, აუცილებლად ასცდებოდა იგი შაჰ-აბასის გამანადგურებელ შემოსევებს? ამ პირობებში საჭირო იყო არა უაზრო ხელის პოტინი რუსეთისაკენ, არამედ როგორც თურქეთთან, ისე ირანთან ფრთხილი პოლიტიკის წარმოება, – თუნდაც დარჩენა გარკვეულ მომენტამდე იმ ვასალურ მდგომარეობაში, რომელშიც მაშინ საქართველო იმყოფებოდა. [30]

 რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში უნდა აღინიშნოს ერთი მეტად საყურადღებო მომენტი. ქართველი მეფეები უმეტეს შემთხვევაში ისე სთხოვდნენ საჯაროდ დახმარებას რუსეთს და შედიოდნენ მის ეგრეთწოდებულ „მფარველობაში“, რითაც უაღერსად აღიზიანებდნენ ირან-ოსმალეთს და ამხედრებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, რომ სრულებითაც არ სწავლობდნენ თვით რუსეთის შესაძლებლობასა და მისწრაფებას ქართველთა დასახმარებლად.

 მაგალითად, თეიმურაზ I რუსეთს დაუკავშირდა ირანის წინააღმდეგ და დახმარებას სთხოვდა, როცა თვით რუსეთი წელში იყო გაწყვეტილი პოლონელი ინტერვენტებისა და მათ წარმომადგენელ ცრუ დიმიტრებთან ბრძოლაში. რა დახმარება შეეძლო ასეთ პირობებში რუსეთს, დიდი სურვილიც რომ ჰქონოდა ამისთვის? აი, რას სწერს ამის შესახებ ჩვენი სახელგანთქმული ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი: „როგორც გამოირკვა, საქართველოს რუსეთის სამეფოსა და რუსი ხელმწიფის შესახებ მაშინ ნამდვილი წარმოდგენა არ ჰქონია. ამ ქვეყნისა და მისი მბრძანებლის შესახებ საქართველოს მეფე-მთავრებისათვის ცნობის მიმწოდებლები თავიდან შემთხვევითი პირები იყვნენ, რომელთაც სხვათაგან გაგონილის მოთხრობა შეეძლოდ მხოლოდ. ამ ზეპირი, ზერელე ნაამბობით საქართველოს პოლიტიკის ხელმძღვანელებმა მაშინდელი რუსეთი საქართველოსთან ტერიტორიულად უკვე მოახლოვებულ ქვეყნად და მისი ხელმწიფე უძლეველ და უქრისტიანეს მეფედ წარმოიდგინეს, რომელსაც მარტო მაჰმადიანთა დამარცხება და აღმოსავლეთის დაჯაბნულ ქრისტიანების დახმარებით უღვივოდა გული“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტ. ტ. V, გვ. 55).

სხვათა შორის, იგივე მიზეზით უნდა აიხსნას ქართველი ერისათვის უაღრესად ჩირქის მომცხები ის ფაქტი, რომ საქართველოსა და მთელს მახლობელ აღმოსავლეთში ხატად ქცეულ ულამაზეს და უდარბაისლეს ქალს – მეფე თამარს ქმრად მოჰგვარეს ყივჩაღეთში შეხიზნული მაწანწალა, ყოვლად ზნედაცემული გიორგი რუსი. რამდენადაც კავკასიაში რუსეთის დამკვიდრება საქართველოს თაოსნობით ხდებოდა, ამიტომ შაჰ-აბასმა თავდაპირველად გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის სავსებით აღმოფხვრა და იქ სპარსელთა დასახლება. მაგრამ ქართველთა გმირულმა წინააღმდეგობამ შაჰ-აბასს ხელი ააღებინა ამ გეგმაზე. ირანი ბოლოს იმით დაკმაყოფილდა, რომ საქართველოს მეფედ გამაჰმადიანებული როსტომი დანიშნა.

თუ რა დამღუპველი იყო საქართველოსათვის რუსული ორიენტაცია და იმ პირობებში შედარებით სასარგებლო სპარსეთისადმი მოჩვენებითი ერთგულება, კარგად ჩანს ერთის მხრივ იმ საშინელი შედეგებით, რაც საქართველოს რუსეთთან დაკავშირებამ მოუტანა, ხოლო მეორეს მხრივ იმ ხელსაყრელი პირობებით, რაც საქართველოს შეექმნა სპარსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებით, როსტომის მეფობის ხანაში და მას შემდეგაც, ვიდრე ვახტანგ VI-მ კვლავ არ გადაიკიდა სპარსეთი და ოსმალეთი ისევ რუსეთთან დაკავშირების მეოხებით. [31]

 შემცდარია, ვინც როსტომს ანტიპატრიოტად თვლის და უარყოფით შეფასებას აძლევს მისი მეფობის ხანას. როსტომი იყო საქართველოს დიდი მოჭირნახულე, კარგი ორგანიზატორი და ნიჭიერი პოლიტიკოსი. თანაც, საუკეთესოდ შერჩეული კანდიდატი საქართველოსა და სპარსეთს შორის იმ დაძაბული ურთიერთობის ხანაში.

 მდგომარეობა თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ გაამწვავეს თავიანთი უგუნური პოლიტიკით, რაც საქართველოს ზღვა სისხლის ფასად დაუჯდა. ხოლო როსტომმა ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკის წყალობით დააშოშმინა გამძვინვარებული ირანი და გრანდიოზული მუშაობა ჩაატარა დანგრეული საქართველოს აღსადგენად.

 როსტომის დროს შეწყდა სპარს-ოსმალთა თარეში. მშვიდობიანობა და წესრიგი დამყარდა ქვეყანაში. დაიწყო დანგრეული ქალაქებისა და სოფლების ხელახლა გაშენება. ძველი ქალაქების აღდგენასთან ერთად როსტომის თაოსნობით აშენდა ახალი ქალაქიც (დღევანდელი წითელქალაქი). დიდი ყურადღება ექცეოდა სავაჭრო გზების დაცვასა და მოვლას, გაშენდა ქარვასლები, ხიდები, ციხე-გალავნები და სხვ. როსტომის დროს აშენდა მდ. ხრამზე „გატეხილი ხიდი“. საქალაქო ცხოვრებასთან ერთად კვლავ აღორძინდა სოფლის მეურნეობაც. აღდგენილ იქნა არა მარტო ძველი სარწყავი სისტემა, არამედ ბევრი ახალი არხიც გაიყვანეს, მათ შორის ძევერისა, ტყიურეთისა, კარალეთისა, გარეჯვრისა და თორტიზისა.

ქვეყნის აღმშენებლობასთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა წარმოებდა კულტურის სფეროშიც. როსტომის სახელოვანი მეუღლის მარიამ დედოფლის ბრძანებით გადაიწერა „ქართლის ცხოვრება“. ფარსადან გორგიჯანიძემ შეადგინა „საქართველოს ისტორია“. მე-17 საუკუნეში შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებული ხელნაწერები. შემოქმედებითი მუშაობა ლიტერატურაში, ისტორიაში და სხვა დარგებში კიდევ უფრო გაიზარდა მომდევნო ხანაში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს. განათლებისა და კულტურის მთელ საქმიანობას უშუალოდ მეფე ვახტანგ VI ხელმძღვანელობდა. ვახტანგის ინიციატივით და ანთიმ ივერიელის დახმარებით საქართველოში 1709 წელს მოეწყო პირველი ქართული სტამბა. მანვე შეადგინა ქართული სამართლის კრებული. ვახტანგ VI-ის დროს შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა კულტურის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბაგრატიონი და სხვები.

ერთი სიტყვით, ქართველი ხალხის ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა. საქართველოს ოდინდელი ძლიერების აღსადგენად საჭირო იყო მხოლოდ გარეშე ხელშემწყობი პირობები და თანდათანობით საქართველოს გაერთიანება. ეს კი ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ საქართველოს მესვეურები რამდენად წინდახედულ პოლიტიკას აწარმოებდნენ მეზობელ ქვეყნებთან. სწორი საგარეო პოლიტიკა ხომ ყველაზე აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს არსებობა-განვითარებისათვის, ვინაიდან ერთ არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯს შეუძლია რამდენიმე საათში დაანგრიოს [32] ათასწლობით ნაგები ქვეყანა. საუბედუროდ, ვახტანგ VI რამდენადაც ძლიერი იყო კულტურული მოღვაწეობის სფეროში, იმდენადვე იგი სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. „ვახტანგ VI იყო კულტურის გატაცებული მოტრფიალე, მწიგნობარი, მაგრამ არ იყო არც ჯარის სარდალი და არც ისეთი მმართველი, როგორიც სჭირდებოდა მაშინ დანგრეულ საქართველოს. მას არ ჰქონდა ფოლადის სული, არც მას და არც თეიმურაზ II-ს და ერეკლე II-ს“ (არტურ ლაისტი, საქართველოს გული, წიგნი II, გვ. 74).  ვახტანგ VI-მ თავისი პოლიტიკური წინდაუხედაობით საშინელ განსაცდელში ჩააგდო საქართველო, ამ შემთხვევაშიც საქართველოს დაღუპვის მიზეზი „ერთმორწმუნე“ რუსეთი შეიქნა.

No comments:

Post a Comment