by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 18 02, პარასკევი, 21:47-ზე
კატა და ლომი
/,,საინგილო” მ.ჯანაშვილი/
მესახნავეს კატა წაუყვანია სახნავზე და წასულა.
კატას იქვე სახნავზე, ტყის პირას უნადირია, ჩიტები და თაგვები დაუჭერია, უცბად იქვე ბუჩქებიდან ლომი გამოვარდნილა.
_ გამარჯობა ძმაო!
_ როგორ ხარ, ხომ კარგად ხარ?
_ მადლობა ღმერთს, როგორ უნდა ვიყო, ჩემთვის ვარ, ვცხოვრობ, როგორც ჩემნაირ კატას შეეფერება
_ იცი რა მიკვირს? მე მგავხარ, ულვაშები წვერები, სახე ჩემი გაქვს, მაგრამ ასეთი პატარა რატომ დარჩენილხარ?
_ ჩემს ბატონს რომ იცნობდე, მიხვდებოდი ასეთი პატარა რატომაც ვარ!
_ ვინ არის შენი ბატონი, ჯავრი ვიყარო?.
_ ჩემი ბატონი ადამიანია.
_ ხომ ვერ მაჩვენებ?
_ რატომაც არა, მოდი გაჩვენებ.
_ სად არის?
_ აი იქ!
ლომი კაცთან მისულა:
_ გამარჯობა!
_ გაგიმარჯოს! საიდან მოდიხარ?
_ აგერ ტყეში ვიყავი, თქვენი ხმა მომესმა, მოვედი, ჩემი ბიძაშვილი შემხვდა, შენთან მომიყვანა.
_ ბედნიერი იყოს შენი ფეხი!
_ მადლობა ღმერთს! ჩემი ფეხი მოუხდება შენს საქმეს, გავიგე რომ დიდი ღონე გქონია, შენ კი თვალში რაღაც მეპატარავები, ძალაც პატარა ხომ არ გაქვს.
_ შევეჯიბროთ და მაშინ ვნახოთ ვინ უფრო ძლიერი და ღონიერია.
_ კარგი, მეც ეგ მინდოდა.
_ მაგრამ მე ღონე სახლში დამრჩა, აქ გაჩერდი, სახლში წავალ, ღონეს წამოვიღებ და მაშინ ვიჭიდაოთ.
_ კარგი წადი.
_ ისე ჩემს მოსვლამდე შიშით თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცე? ჯერ მიმიშვი ხეზე მიგაბამ.
_ არ გავიქცევი.
_ რა ვიცი იქნებ თავქუდმოგლეჯილი გაიქცე, მერე მე რა ვქნა.
_კარგი, თუ ეგრე ფიქრობ მაშინ დამაბი.
კაცმა ლომი ხეზე მაგრად მიაბა, მერე სახრე აიღო, ურტყა და ურტყა, ისე ურტყა თავ-პირში, თვალებში, რომ ლომი იქვე წაიქცა, კაცმა მიბმული ნადირი აუშვა.
კარგა ხანს ნადირთა მეფე უგონოდ ეგდო. რომ მოიხედა, წამოიწია. კატას შეხედა. Aმოიოხრა. ამოიხვნეშა, კატა კი იჯდა თავისთვის და მიაუ მიაუს იძახდა.
ლომმა კატას უთხრა:
_ ძმაო, შენი ბატონი მართლა ძლიერი ყოფილა, მაგის ხელში შენხელაც ვერ ვიქნებოდი.
_ მაშ როგორ გეგონა, კაცი ეგეთია, ღონეზე მეტი ჭკუა აქვს და მოხერხებულია.
_ მოხერხებაზე მეტი მოტყუება ცოდნია, უნამუსო ყოფილა, ამასთან რა გამაჩერებს, მშვიდობით!
ეს თქვა ლომმა, წამოხტა და ტყეში შევარდა.
No comments:
Post a Comment