| უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახსნის პერიოდში |
ამ ოციოდე, გინდ ათიოდე წლის წინად ვინ გაიგონებდა ისეთს საშიშროებას, ვით თბილისში უნივერსიტეტის დაარსება, ისიც ქართული ეროვნულის!
მანდატურთუხუცესი მაშინათვე გაჰკივლებდა:არიქათ, რუსეთი იღუპება, ქართველები უნივერსიტეტს იფუძნებენ, ეს მუხთლობაა, სეპარატიზმი, ამბოხიო! მაგრამ დრონი იცვალნენ, ზნენი დაყუჩდნენ, მანდატურთუხუცესები და მხმილავები გაუქმდნენ. მონა ხალხები შეიშმუშნენ, სისხლი გაიხურეს და შეუდგნენ თვითგამორკვევის საქმის მოწყობას, ეროვნული არსის შემოფარგვლას,
თავისუფლების ალამის აფრიალებას. ამას მიაყოლეს ერობა, ეროვნული სკოლა, ეროვნული მსოფლიო უნივერსიტეტი.
აწ მთიები აღმოგვიბრწყინდა. ნათელში ვიყავით და სინათლეს კი ვერ ვხედავდით. არა, არ გვახილვებდნენ! ენა გვქონდა და მას სხვა ენით სხვა ჰანგზე გვასწავლიდნენ; ვიცინოდით-გვატირებდნენ, ვტიროდით-გვაცინებდნენ, ვფიქრობდით და სხვაფერ გვაფიქრებდნენ.
ახდა გულის წადილი, ამწვანდება ეროვნული შემეცნების ნიადაგი, რომლის გაფხვიერება იწყეს ბროსემ, ბაქრაძემ, ცაგარელმა და მათ მომდევნოებმა.
ივ.ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთი-გუთნის დედობა, თვით ქართლურ მძიმე ღრმად მხვნელ გუთნისა! ,,გადი, გამოდი, გუთანო…. სახნის, საკვეთო, გაუსვი, რომ კაჭაჭს ძირი უთხარო! ,,სწორედ ასეთ, კაჭაჭების ამომგდებ გუთნის მსგავსია მისი უკანასკნელი დიდი შრომა ,,ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინად და ახლა". ამ მძლავრმა ,,გუთანმა" ბევრი ,,კაწაჭი" ამოაგდო ძირიან-ფესვიანად და საისტორიო ყანობირი საკმაოდ გასწმინდა ღვარძლისაგან. შეუდგები ამ საკვირველ წიგნს და გინდა მწვერვალამდის მიაღწიო შეუსვენებლივ, დაეწაფო, ვით მოწყურებული ირემი წყაროს და ამოსწურო იგი ბოლომდის. ნამდვილ წმინდა შლის, არღვევს, აბრუნებს, გადადის ,,ბელტი ბელტზე", ცოცხლდებიან და მზის შუქზე ამოდიან უმეცრების გზით დამარხული მოღვაწეები და ისტორიკოსები. ეცნობებიან გამომზევებულ გმირებს და ჰკვირობ, ვერ გადაგიწყვეტია, ესენი უფრო გმირები არიან თუ მათ შესახებ მართლისმეტყველი ჩვენი ავქსონი. რამდენი დაკვირვებაა, რამდენი დიდ-წვრილი შემოწმება, დაპირისპირება, დაკითხვა წყაროებისა, დალაპარაკება ძველ ავტორებისა, გადასხმა, გადმოსხმა, შესწორება, აღნუსხვა, თარგმნა, თარგმანება! ჩვეულებრივ კაცისთვის ყოველივე ეს დიდი და გულგასაწყალებელი საქმეა, მაგრამ ჭეშმარიტ მკვლევარ_ისტორიკოსს წარბსაც ვერ შეახრევინებს.
შემოსილა იგი მოთმინების კვართით, დამჯდარა მეცნიერების კალოზე, არკვევს ზღაპრულს სინამდვილისაგან, სარწმუნოთ ურწმუნოსაგან, სასწაულებრივს შესაძლებელისაგან, ღირსსა და უღირსს შორის სდებს მტკიცე საზღვარს და თან ყოველთა და ყოველს ისეთს ცხოველ სულს ჩაუდგამს, რომ თითქოს მას მკვდარ ამბებთანა და უწინარეს ჟამებში ამოწყვეტილ კაცებთან კი არა აქვს საქმე, არამედ ცოცხლებთან საუბრობსო პირისპირ. ხელმძღვანებული მარტო მართლმოყვარეობით, გულდასმით და ფილოსოფიურის სიდინჯით სჩხრეკავს საისტორიო და სამრეწველო ძეგლებს, ეძებს საჭირო მასალას მატიანეებსა და არქივებში, ზეპირ-სიტყვაობასა და
ენაში, სიგელ-გუჯრებსა და მიწერ-მოწერაში, ხელოვანთა და მგალობელთა ჰანგებსა და კილოებში, უცხოელთა ნაწერებსა და გადმოცემებში. მერე ყველა ამ ვეება შეძენილობას დაალაგებს თავის სამეცნიერო თვალთახედვის მყუდროზე, განმარტავს თითეულს ცალკე, შეაფასებს ყველას ერთად, გაჰკრავს თავის გონების დაუცდენელ ისარს, ჩასწვდება საძიელ საგნის სიღრმეს, გააშუქებს ჭეშმარიტ მკვლევარის მეთოდის წესით და ამის შემდეგ დასდებს თავის მსჯავრს. აქა თუ იქ შეიძლება არ ეთანხმებოდე ავტორს, მაგრამ ამისთანა ადგილებშიაც სჩანს მისი ძლიერი ლოღიკა, მისი გულწრფელი მუშაობა, გამომწვევი მკითხველის მხრივ სიყვარულისა მისდამი, დიდის პატივისცემისა. სულ 19 წელიწადია, რაც დაუღალავად შრომობს ჯავახიშვილი, წმიდა ოფლს ღვრის საყვარელ სამშობლოს დიდების საკურთხეველზე, ყოვლად უანგაროდ იღწვის, რათა მტკიცე საფუძველზე დაამყაროს ქართული დარგი
მეცნიერებისა, მოუპოვოს მას, როგორც სჩანს, თუ არ ვცდები, მის გამოკვლევებიდამ და თხზულებებიდამ (,,ისტორიის მიზანი.., ,,ქართველი ერის ისტორია. ,,საქართველოს ეკონომიური ისტორია", ,,საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია"და მრ. სხ.) მაცხოველებელი და ჯანმრთელი საწოვები თვით მის არსებაშივე და მხოლოდ მერე ამ ეროვნულს საწოვებს შემოუნაკადულოს გარეობიდამ მოფენილი წვეთები, ბერძნული, სპარსული და სხვა. ჯავახიშვილისთანა ჭეშმარიტი მეცნიერი ვერ გაჰყვებოდა იმათ, რომელნიც გაჰკიოდნენ-ქართველებს ვახუშტიმდე ისტორიკოსები არა ჰყვანდათო, ქართლის ცხოვრებაც ვახტანგ-ვახუშტიმ შესთუხზესო, სხვა მასალებიც ცოტააო, ქართული კულტურა სუსტიაო. და ამისთანა სიღარიბის გამო განა ღირსო პეტრეს ქალაქში ცალკე კათედრა არსებობდესო ქართული ენისათვის (იხ. ა.ცაგარლის ,,ცნობები შესახებ ქართული სიტყვიერების სახსოვრებისა", წ. I, გვ. XXXIV და 52).
ცაგარელის, ჯავახიშვილის და სხვ. თხზულებებმა დაარღვიეს დრკუ აზრები. საკმაოა კაცმა წაიკითხოს გინდ მარტო ჯავახიშვილის ზემოხსენებული ,,ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა", რომ დარწმუნდეს, რა მდიდარია ქართული მწერლობა, საზოგადოდ, რა პირველხარისხოვანი ისტორიკოსები გვყოლია, რა დიდბუნებოვან კაცებს შეუქმნიათ ქართული უმდიდრესი სიტყვიერება, მისი გმირული ისტორია, მისი სუსტი"კი არა, ცხოველი და მდიდარი კულტურა.
ესეთი დიადობა ქართული კულტურისა წინადაც სჩანდა, მაგრამ ჯავახიშვილის კვლევა-ძიებამ უფრო სიცხადე მისცა მას. მის და მის მეყვისების შრომამ ცხადჰყო, რომ ქართული დარგი მეცნიერებისა ღირსია არა თუ ერთის კათედრისა, არამედ მრავალ კათედრებისა მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრების უნივერსიტეტებში და ამასთან მთელის უნივერსიტეტისაც საქართველოს დედაქალაქში. ამ ნატვრასაც მოვესწარით. ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა გვიქცია ეროვნულ დიდების ტაძრად, მის პირველ უნივერსიტეტის სავანედ. ყრმა და ბერი მივეშუროთ განათლების კერისაკენ და მის ნათლით მოვინათლნეთ. საიდუმლო, რომელსაც ჰქვიან ,,ჩაყურჭუმალავება""ან ,,ჯვრისტვირთვა", ჩვენში იწოდება ნათლისღებად, მონათვლად. რას გვეუბნება ეს თუ არა იმას, რომ საქართველო უწინარეს ჟამებითგანვე ისახელებოდა მზიან ქვეყანად. აქ მეფობდაო ,,მზის შვილი" აიეტი, აქ ღმერთობდა მზე, აქ ახალ დაბადებულს რომ ნათლავდნენ უგალობდნენ მზის ჰიმნს
,,მზე შინაოს". აქ ხომ დღესაც უდიდესი ფიცილია ,,შენმა მზემ", ,,ზისმა" (ინგილოური), სწორი ღმერთიმა (ინგილ.)- ღმერთმანის. ქართველი კაცი მზეს ეკუთვნოდა და მარად სინათლეში იყო, ნათელი ემოსა, ნათელი სწამდა. ჩვენში დღესაც არიან მზისაგან განუყოფელი ნაშთები:ენამზეობა ანუ რიტორობა მჭევრ აზროვნობისა, მზეჭაბუკობა ანუ გმირობა მეომრობაში, მზექალაობა ანუ შვენიერება, მზიანობა მშვიდობასა და მყუდრო საქმიანობაში. ასეთია ჩვენში პატივი სინათლის წყარო მზისა.
მივიდეთ ვაკეზე. იქ ჯავახიშვილმა აგვინთო სხიოსან-მზიანი კანდელი, რომელიც ამიერიდგან შუქურ ვარსკვლავივით გაგვინათებს გზა-კვალს სვლად გმირულ და მზიან ნაბიჯით წინ, წინ ადამიანურ მარადისობისკენ. ამასთანავე მოვიგონოთ იქ ძველნი მეცნიერები საუკუნო ხსენებით, ხოლო კანდელის ამნთებელ გმირს ივანეს ერთობლივ და გულმხურვალედ შემოვძახოთ ჩვენებური ქართველური:ვაშა! გამარჯვება მარად და მარად.
,,საქართველო" 1918, N 10, 13 იანვ. გვ. 3-4.
No comments:
Post a Comment