წყარო: https://maraniki.blogspot.com/
Posted by: burusi | 30/06/2009 მოსე ჯანაშვილი – ქართველები და ქართული ისტორია
ქართველები და ქართული ისტორია
"მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია".
დ.გურამიშვილი
აწინდელ დროში განათლებულნი ხალხნი იმისთანა ერს იყვარებენ და პატივს სცემენ, რომელსაც აქვს თავისი ისტორია და ძველთაგანვე შეძენილი სახელი და კულტურა..
სამწუხაროდ ჩვენდა, სახელი ქართველებისა ციაგშია, დაჩრდილულია. ამის მიზეზი ის
არის, რომ ჯერ ჩვენი ,,საკვიდრო" შესწავლილი არ არის. ამ მიმავალ საუკუნის დამლევს საქართ-ველოს ძველი მთავრობა რომ შეიცვალა რუსის მთავრობად, ახალ გარემოებათა მიმომდინარეობამ ქართველი ჩააგდო რაღაც გამოურკვეველს მდგომარეობაში. ამ
მდგომარეობის მაყურებელმა ქართველმა დროებით დაივიწყა თავისი წარსული. იგი კარგა ხანს იმის გამოცნობაში იყო, თუ ვითარს მიმართულებას მიიღებდა და ვითარ გამოინასკვებოდა ქართველთა ცხოვრება ახალ მეპატრონეთა ხელმწიფობის ჟამს. ეს მაყურებლობის ხანა უკვე დასრულდა. დღეს უკვე ქართველობამ ნათლად გამოარკვია და შეიგნო ის გზა, რომელზედაც მან უნდა იაროს მტკიცედ ფეხმარჯვედ და მიაღწიოს უკეთესს მომავალს…
ალექსანდრე პირველმა კვალად მისცა ერთობა საქართველოს, რომელიც სამეფოებად და სამთავროებად გაანაწილა შორს განუჭვრეტელმა საქართველოს მეფე ალექსანდრემ 1442 წელს..
გაერთიანებული საქართველოს შვილებმა უკვე შეიგნეს, რომ ,,აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა"
..დღეს ყველას კარგად ეყურება, რომ უნდა ვიცოდეთ ,,ვინ ვიყავით, რა ვიყავით ჩვენ ქართველნი წინა დროსა". თუ ჩვენ ჩვენი თავი არ გვეცოდინება და არ გვეყვარება, ვერც შევასრულებთ ქრისტეს დიდებულს მცნებას:,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". ვითარ შევიყვარებთ მოყვასსა ჩვენსა თუ არ გვეყვარება ჩვენი თავი, გამოხატული და გამონასკვული ჩვენს ისტორიაში!
ხოლო ჩვენი ისტორია ანუ, მდაბიურად რომ ვსთქვათ, ჩვენი ცხოვრება არის ერთი დიდებული ეპოპეა და მასში ამირანისებურად მიმსჭვალულია ის გონებრივი და კულტურული ,,სამკვიდრო", რომელიც დაგვიტოვეს წინაპრებმა და რომელიც დღესაც, ჩვენ-მიერ შეუმჩნევლად, გვასაზრდოებს და გვკვებავს ქართლოსიანთ. მართალია, ახალმა დრომ ბევრი რამ შეგვძინა და შეგვმატა, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი სასიკეთო ნაკადულები შემოაჩუხჩუხა, მაგრამ მაინც ეს ახალი ,,ბევრიც" ძველის დროიდანვე შემუშავებულ ჩვენს კულტურასთან შედარებით მხოლოდ ცვარია დიდს ზღვაში.
თუ არის, სად არის ეს ზღვა კულტურისაო, რატომ ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთო? იკითხავთ.
იმიტომ ვერ ვამჩნევთ, რომ ზღვა ჩვენი კულტურისა ჩვენს მატიანეს («ქართლის ცხოვრება») არ აღუნიშნავს. ქართველთა დიდებულთა ძეგლი ,,ქართლის ცხოვრება" აღწერილი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ავტორისაგან არა ისტორიაა ერისა, არამედ მხოლოდ ერთი დარგი მისი, სახელდობრ და განსაკუთრებით იგი არის სამხედრო ისტორია ქართლოსიანთა. ხოლო საქართველოს სრული ისტორია, როგორც იგი გვესმის დღეს ჩვენ, სავსებით გამოხატულია:
ქართლის ცხოვრებაში (სამხედრო ისტორია)
სიგელ-გუჯრებში (შინაური ცხოვრება).
დიდებულს ძეგლებზედ (ხუროთმოძღვრება, ქანდაკება, მხატვრობა, მეურნეობა).
ფულებზედ (მადნეულობის შემუშავება, მეფეთა სურათები და მათი ჩაცმულობა).
ხელნაწერებში (მწერლობა საზოგადოდ:ისტორია, ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ვარსკვლავთ-მრიცხველობა, გეოგრაფია, სჯულდება, ხელთა-ქორონიკონი, აპოკრითნი და სხვ.). ზეპირსიტყვიერება (ლეგენდები, თქმულობანი, შელოცვანი, ზღაპარნი, გამოცანანი).
ქართულ ენაში (ძველი სახელები დღეებისა, თვეებისა, სოფლებისა, ქალაქებისა, ქვეყნებისა და სხ.).
უცხოელთა ისტორიკოსებისა და მოგზაურების ნაწერებში და აგრეთვე საქართველოს მეზობელ ხალხების გადმოცემასა და თქმულობაში.
სახალხო სიტყვიერება არის სარკე ქართველი ერის ფილოსოფიისა და რწმენისა. თუ რა ღირსებისაა ეს სახალხო ფილოსოფია ჩვენის ერისა, სჩანს იქიდგან, რომ ამ ფილოსოფიის ხელმძღვანელობით შეიქმნენ პოეტნი ლ.რაზიკაშვილი და ძმანი მისნი, ცახელი, ალ.ყაზიბეგი, დავ.გურამიშვილი. თვით პოეტთა მეფეს შოთა რუსთაველს და მისს წინამორბედს მოსე ხონელს – იგივე სახალხო ფილოსოფია დაუდვიათ საფუძვლად თვისის უკვდავის ქმნილებებისა.
დიაღ, ხალხში დიდი საუნჯეა დარჩენილი. გალობა, სიმღერა, ლექსაობა (მესტვირეობა), პლატონისებური სიყვარული (წაწლობა მთაში) და სხვადასხვა ჩვეულებანი, – ყველა ეს ძველი დროის ნაშთია და სამკვიდრო.
ნუ ვინ გაიფიქრებს იმას, რომ ან ნიჭი არ გვქონდეს, ან შრომისმოყვარეობა არ ვიცოდეთ, ან ზარმაცნი ვიყვნეთ. ქართველის სიზარმაცე ჭორია მეჭორეთაგან მოგონილი. თუ არა ნიჭმა და სიმხნევემ, მაშ რამ შეჰქმნა ზემორე ხსენებულნი აუარებელნი ხელნაწერნი, მაშ ვინ შეჰქმნა ,,ამირან-დარეჯანიანი", «ავთანდილ-ტარიელი», «ქართლის ცხოვრება» და საკვირველნი ძეგლნი, დიდებულად აღზიდულნი საქართველოს ყოველ კუთხესა და ღელე-ყურეში, თუ არა ნიჭით, მაშ რით და როგორ განითქვეს სახელი პირველხარისხოვანმა მუშაკებმა:ვ. პეტრიაშვილმა, ი.თარხნიშვილმა, ა.ცაგარელმა, მელიქიშვილმა, რაზმაძემ, სუმბათაშვილმა (იუჟინი) და სხვ. იყოს თაფლი (იგულისხმე:საფასე, ურომლისოდაც კაცს შრომა არ შეუძლიან) თორემ ფუტკარი (მუშაკი) გამოჩნდება. ჩვენის ნიჭით თუ სარგებლობენ, რატომ ჩვენ -კი არ უნდა ვისარგებლოთ. შეძლება და საღსარი მივსცეთ და ყველა იმუშავებს სასარგებლოდ თავის გვარტომისა. რაოდენ ვაი-ვაგლახს, რაოდენ გრიგალსა და ქარტეხილს გადაუვლია ჩვენ წინაპრების თავზედ, მაგრამ მათ თვისის ბუნებრივის სიმხნითა და ნიჭით დაუცავთ თვისი ენა, სარწმუნოება და თავისუფლება.
მაშ ჩვენც ძველებს მივბაძოთ, დავლეწოთ უმეცრების ბორკილი, აღვადგინოთ ჩვენი სამკვიდრო. განა დრო არ არის! ერთი მივიხედოთ ,,რა სიკვდილის ლხინია ჩვენს გარშემო!" განა არ შეგვიძლიან მუშაობა, შემწეობა, დახმარება, ერთობა! დიაღაც შეგვიძლიან..
ჩვენ დღეს გვინდა სიდარბაისლე, ზრდილობა და პურადობა, რომ ერთმანეთს გულშემატკივრად და თავაზიანად მოვეპყრათ და შევეწივნეთ, ვაჭრობა გვინდა, რომ შეგვმატოს საფასე და უნჯი ქვეყნისათვის მოსახმარად.
მაშ შენც ქართველო, აღსდეგ, გმირთ-გმირო,
ნუ გძინავს, მტერთა ისმიან ხმანია:
გრძლად ძილს ჩვეული როდი ხარ,
მიგვიხმე უნჯნი ყმანია;
განიფრთხე ძილი, ზე აღდეგ,
ჩაიცვ წვრილ თვალთა რკინისა,
გაშალე დროშა მძლეველი
წვერ-მახვი, მტერთა ზარია.
მოყმეთა ნახონ ფრიალნი,
მუნ მოსქდეს მთა და ბარია.
ვიცოდეთ, რომ მარტო მღვიძარესა და მხნეს ეკუთვნის მომავალი..
,,ივერია" 1895, N 55, 12 მარტი, გვ. 1-3
No comments:
Post a Comment