Jun 20, 2011

წყარო: https://burusi.wordpress.com/
Posted by: burusi | 06/05/2010
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

"მმეფობი ერი"
მუდამ ასრე ყოფილა.
მმეფობი ერი წელში გაშლილია, ცხოვრებას შეჰხარის, ღირსებით მაღლა აღმართული მიდის წინ და თან ვარსკვლავებსა და მნათობებს შეეთამაშება, მიიმართება ისეთის მტკიცე ნაბიჯით, თითქოს გზაა ყოველს შეხვედრით გარეშეს მიაძახოს: ,,გზა დამიცალე, მე ვარ, რომ მოვდივარო!"

სულ სხვაგვარია მონა ერის ყოფა, საქციელი.

წელში წახრილი, თავდაღუნული, მუდამ მოქუხურებული მოგაგონებთ რაღაც საწყალ არსებას, რომელსაც თავის ჩრდილოსაც კი ეშინიან, არათუ შეხვედრილ ბატონისა, რომელსაც მზაა ფეხქვეშ დაეგოს, რომ ასიამოვნოს.
ქართველი ერი 1801 წლამდე განუწყვეტლად მეფობდა და მეფობის-თავისუფლების კვართხი ეჭირა როგორც ჭეშმარიტ გმირსა და რაინდს.
მხიარულობის დროს იცოდა მხიარულობა, მოწევნულ უბედურებათ ხვდებოდა გულდაგულ და ამისთანა ბედშავ დროსთვის დაზოგვილი ჰქონდა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება:,,ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვიტკირსა".
მერე 1801 წლიდამ მზაკვრულად მოუსპეს მას მეფობა, ამ წლიდამ ქართველ ერს თავის ჭერქვეშ აღარ დარჩა თავისუფლება, დამოუკიდებლობას, მეფობას ჩვეული უხსოვარ დროიდგან მონად გახდა უხეშის მკსინვარე ძალადობისა, მაგრამ ამ უგვან დროის სუსხმაც ვერ გატეხა მისი თავისუფალი ნება. მისი ამაყი სული ვერ თავსდებოდა მონობის უღელში, მძლავრად იწეოდა 1812 წელს, რომ გამოშვებულიყო, მერე 1832 წელსაც, და მის შემდეგაც იმედს არ ჰკარგავდა, სათავისუფლო სასოებას თავის მწერლობაში, თავის ქადაგებაში დასტრფოდა თავისუფლებას ბაზალეთის ტბის ძირას მწოლარე ყრმის სახით, ერთურთზე დაყუდნების იგავით, საქართველო ჩონგურია და ჩვენ ყველა კუთხის ქართველები სიმები ვართოს შემოძახილით.
აღსრულდა.
გავარდა ვილჰელმის ყუმბარა, დაიშალნენ იმპერიები. ასრულდა ქართველთა საუკუნოებრივი ნატვრა.
აწ თავისუფალია საქართველო.
აწ ქართველს ვეღარ იხილავთ თავჩაქინდრულს, დაღვრემილს.
იგი ისევ წელში გაიმართა, მან ისევ მოიპოვა ის სიამაყე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეეძინა თავის რაინდულ ოფლითა და პატიოსან შრომით.
საჭიროა ვიცოდეთ ფასი იმისა, რაც დაგლეჯილი გვქონდა და რაც უკანვე დავიბრუნეთ. საჭიროა მოპოებულს გავუფრთხილდეთ, როგორც თვალისჩინს, და მუდამ გვახსოვდეს, რომ თუ უმანდელ გმირულ სულით არ გავუძღოლეთ თავისუფალ საქართველოს, ჩვენ მასთან ერთად საუკუნოდ დავიღუპებით ბნელ ძალებისაგან. ყველა ერთისთვის და თითოეული ყველასათვის!

,,ივერია" 1919, N 36, 25 ქრისტეშობისთვე, გვ. 3.

No comments:

Post a Comment