,,განათლება" 1916, N 3, მარტი, გვ. 174-177; N 4 და 5, აპრილი და მაისი, გვ. 258-261; N
6-7, ივნისი და ენკენისთვე, გვ. 335-338.
ხარვეზად დაგვშთა ცხოვრება ჩვენის ბიძაშვილის დიმიტრი ჯანაშვილისა. ამ ცხოვრების გაცნობა უპრიანია არა მარტო მისთვის, რომ დიმიტრი იყო პირველი მოხალხოვნე საქართველოს ისტორიისა, არამედ იმისთვისაც, რომ მან,
ჩამომავლობით ინგილომ, პირველმავე გააცნო აქართველოს მისგან შავთა დროთ მანქანებით მოწყვეტილი ვრცელი კუნჭული, მარად მზიანი ჩვენი საინგილო.
იგი დაიბადა 1843 წელს სოფელ კახს ჯანაშვილების გვარეულობაში. ჯანაშვილები საინგილოში ეკუთვნიან წარჩინებულ გვარეულობას. ეს გვარეულობა თავადიშვილის ღირსებისა იყო. პაპაჩვენის ბაირამალის სიტყვით, ჯანაშვილები აქეთ გადმოსახლებულან ლორისა თუ ბორჩალოს მხრიდგან. ძნელია კაცმა სთქვას, იგინი
ვისი ნატამალები არიან-ლორის მელიქიშვილების განაყოფის მელიქ-ჯანაშვილისა (იხ. ირაკლის სიები ,,ივერია” 1884 წ.N 4 დამატ.) თუ გორელ აზნაურის გიორგი
ჯანაშვილისა. აღსანიშნავია, რომ ჯანაშვილები მოსახლეობენ საინგილოს სხვა
სოფლებშიაც, ქოთუქლოს, სოსკანს და ალიბეგლოს და საინგილოს გარეთაც ქიზიყში
და ქართლში, საცა ებრაელობენ ტფილელ ებრაელ ჯანაშვილებითურთ. კახის
ჯანაშვილების საგვარეულო ოქრობეჭდული სიგელი, როგორც მოგვითხრობენ მამა-
ბიძანი, დაიწვაო სოსკანში მის დარბევის დროს ლეკებისაგან.
გადმოცემავე იუწყება, რომ კახის ჯანაშვილების წინაპარი მათე, რომელსაც
სასახლე ჰქონია აგრედ-წოდებულს მათეი-ყალაში, ფრიად მდიდარი კაცი ყოფილა,
ჰქონია მფლობელობაში თვით მათეი-ყალას (=მათეს ციხეს) მინდორ-ველი, აგრეთვე
ფანცაურის გაყოლება მიწები ყუმის ბოლოდგან სოსკანამდე, საცა ჰქონია აგრეთვე
საბინაო მამულ-დედული. შაჰაბაზი რომ შემოესიაო საქართველოს (1611 წ.),