Aug 29, 2013

ცეცხლთან და კერასთან დაკავშირებული უძველესი წარმოდგენები ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით

ი. სურგულაძე ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა 
// საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, - გამ. „სამშობლო“, თბილისი 1993 წ., გვ. 35 – 61//

საცხოვრებლის ინტერიერის, დედაბოძის და მასზედ გამოსახული დეკორატული მოტივების ერთიან კონცეფციაში გააზრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება კერის მნიშვნელობა, როგორც ოჯახის სოციალური და საკრალური ცენტრისა, რადგან იგი, ამ თვისებთა გამო, ანიჭებდა ინტერიერის მთელ სივრცეს კოსმოსურ-მითოლოგიურ და რელიგიურ არსს. კერას უკავშირდებოდა ყველა რიტუალი, რომელიც კი სახლში ტარდებოდა, საერთო იქნებოდა ეს, თუ ცალ-ცალკე, ქალების, ან კაცების ჯგუფისა; იგი იყო ძირითადი ორიენტირი სახლის შიდა სივრცის სქესობრივ-ასაკობრივი დანაწილებისას; კერასთან ტარდებოდა საქორწილო ინკორპორაციისა და ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული წესები, რიგდებოდნენ მოსისხლეები. კერა იყო ოჯახის მთლიანობისა და კეთილდღეობის გამოხატულება, მისი შეურაცხყოფა უდიდეს დანაშაულად ითვლებოდა, რის თაობაზე ქვემოთ გვექნება მსჯელობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით კერა წარმოგვიდგება ისეთ ობიექტად, რომელსაც შენარჩუნებული აქვს კოსმოსის ორგანიზაციის უძველესი ნიშნები, რაც განსაკუთრებული შინაარსით ტვირთავს კერის კომპლექსში შემავალ ინვენტარს და ამ ინვენტრით გამოხატულ სიმბოლიკას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კერა საცხოერებლის უძველესი

ვარაბიონ ბაბაჯანაშვილის შესახებ

ხალხური ტრადიციით კახისთავში დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა... ვფიქრობ სწორედ დღეს უნდა მოგიყვეთ ვარაბიონ ბაბაჯანაშვილის შესახებ.

სამწუხაროდ ამ რამოდენიმე თვის უკან ვარაბიონი გარდაიცვალა. თავს ვალდებულად ვთვლი საზოგადოებას მისი ღვაწლის შესახებ მოვუყვე. დავწერო ის რისი მომსწრეც მე ვარ და რაც საბჭოთა იმპერიის დაშლის წინ უშუალოდ ჩემი მონაწილეობით მოხდა საინგილოში, კერძოდ კი კახში.

კახის წმ. გიორგის ეკლესია, 1989 წელი
მოგეხსენებათ, რომ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო ე.წ. პერესტროიკა და საბჭოთა სისტემის ,,გაჰუმანურება“. ამ პერიოდში ვარაბიონი კახის ნიზამის სახელობის ქართულ კოლმეურნეობაში თავმჯდომარედ მუშაობდა. ის ძალზე განსხვავდებოდა საბჭოელი ჩინოვნიკებისაგან და ამ ე.წ. პერესტროიკის გამოყენებით კოლმეურნეობაში რეფორმების განხორციელებას ცდილობდა. ამ მიმართულებით მან შეძლო გლეხებისთვის ხეხილის ბაღების გასაშენებლად  რამოდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთების გრძელვადიანი იჯარით (ფაქტიურად კერძო საკუთრებაში) გადაცემა, ბოლო მოუღო ტრადიციად ქცეულ კოლმეურნეობის ქონების მითვისებას, ქრთამის აღება-მიცემას, თანდათან მმართველობის დემოკრატიული ფორმების დამკვიდრებაც მოახერხა (რა თქმა უნდა მისი კოლმეურნეობის მასშტაბით), მოკლედ  მისი აქტიური და ენერგიული მოღვაწეობის შედეგად კოლმეურნეობას ძალზე გაეზარდა შემოსავალი. მან შეძლო კოლმეურნეობის გაპარტახებული ბიუჯეტის  მრავალჯერ გაზრდა. ის ცდილობდა ამ თანხების სოფლისა და ქართული კულტურის განვითარებისათვის მოხმარებას.

ის უშუალო და რბილი პიროვნება იყო და მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი მისი კოლეგებისაგან. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ ასეთ ურთიერთობას შეუჩვეველ ადამიანთა გარკვეული კატეგორია სასტიკად უპირისპირდებოდა მას. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ იმ დროისთვის ის ერთად-ერთი ჩინოვნიკი გახლდათ რაიონში, რომელიც ცდილობდა სამართლიანობის დაცვას და ადამიანებისადმი თანასწორ მიდგომას, რაც მედროვე ადამიანებში დიდ გაღიზიანებას იწვევდა და შესაბამისად მასზე უამრავი ცილისწამება ვრცელდებოდა მაშინ.